21 სექტემბერი, 2020
მოგესალმებით!
მიხარია დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა ქალაქში, სადაც სამშობლოს უანგაროდ მოყვარული ადამიანები, პატრიოტიზმის გრძნობით აღვსილი ადამიანები ცხოვრობენ. საჩხერის მუნიციპალიტეტი დიდი ქართველი პოეტების, მსახიობების და საზოგადო მოღვაწეების მშობლიური კუთხეა. თუმცა, როდესაც საჩხერეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია პირველ რიგში ამ კუთხის გამორჩეული და ღირსეული შვილი არ გავიხსენოთ, უანგარო ქველმოქმედი, რომელმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და კეთილი საქმე გააკეთა ჩვენს ქვეყანაში-ბიძინა ივანიშვილი.
წარმომიდგენია, რამდენად საამაყოა თქვენთვის, რომ სწორედ თქვენ გვერდით იზრდებოდა, თქვენთან ერთად იზიარებდა გაჭირვებასა თუ სიხარულს, ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გარდამტეხი როლი შეასრულა და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა წინა ხელისუფლების ერთპიროვნული, ავტოკრატიული მმართველობა.
სრულიად ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად უკეთესობისკენ შეიცვალა ყველაფერი არ მხოლოდ თქვენს მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს ქვეყანაში 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ. წარმატებების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, მატულობს პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე, რომ ქვეყნის წინსვლა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნონ.
ყველა ვთანხმდებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც შესაბამისი პასუხი სჭირდება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური გუნდი, რომელიც მზადაა, გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. ამაში გვჭირდება კვლავ თქვენი მხარდაჭერა, რადგან თითოეული მოქალაქის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად, მთელი ქვეყანა გამარჯვებას ვიზეიმებთ და ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული პარტიის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სიმშვიდე და ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ თქვენი თანადგომით და მხარდაჭერით.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!